გაცვლითი პროგრამები
სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობა ხორციელდება როგორც ა) ერასმუს + საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში, ასევე ბ) პარტნიორ უნივერსიტეტთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
ა) ერასმუს + საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამაში ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობა ევროკომისიის მიერ ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების ყოველწლიური KA107 განაცხადების დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ერასმუს + პროგრამის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტიდან გამავალი მობილობისთვის დანიშნულების ქვეყნების სია ცვალებადია, თუმცა მზარდი. 2020 წელს ევროპის უნივერსიტეტთან საერთაშორისო აკადემიური მობილობის განხორციელების მიზნით KA107 განაცხადი წარადგინეს მასარიკის უნივერსიტეტმა (ჩეხეთი); ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტმა (რუმინეთი); დავგაპილსის უნივერსიტეტმა (ლატვია) და WSB უნივერსიტეტმა (პოლონეთი). აღნიშნული განაცხადების წარმატების შემთხვევაში, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ექნებათ შესაძლებლობა, ევროკავშირის დაფინანსებით, ოთხი ახალი მიმართულებით გაემგზავრნონ.
ბ) პარნტიორ უნივერსიტეტთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გამავალი მობილობა, ერასმუს+ისგან განსხვავებით, ყოველწლიური დაფინანსების მოპოვებაზე არ არის დამოკიდებული. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, სტიპენდიას თავად "ევროპის უნივერსიტეტი" უზრუნველყოფს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, დანიშნულების ქვეყნების სიაც მეტად სტაბილური და მრავალფეროვანია. ამასთან, მსგავსი საერთაშორისო აკადემიური მობილობის გეოგრაფიული არეალი, ერასმუს+ სასტიპენდიო პროგრამისგან განსხვავებით, არ არის შეზღუდული ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე და მასპინძელი უნივერსიტეტი შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მდებარეობდეს.
ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამასა, თუ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე მობილობის სქემაში მონაწილე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის შერჩევა ხორციელდება „საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ მიხედვით და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
სტუდენტების შემთხვევაში:
1. საერთაშორისო აკადემიური მობილობით დაინტერესებული სტუდენტები რეგისტრაციისთვის ავსებენ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ შედგენილ ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმას.
2. რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ კონკურსში მონაწილეობის პირობებს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური იწვევს პირველ შესარჩევ ეტაპზე, რაც გულისხმობს ინგლისური ენის გამოცდას პირისპირ ან დისტანციური პლატფორმების გამოყენებით.
- სტუდენტს მოეთხოვება ინგლისურ ენაში B1 ან B2 დონის ცოდნის დადასტურება, ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო დოკუმენტის (CEFR) შესაბამისად, ოთხ ენობრივ კომპეტენციაში: მოსმენა, წერა, კითხვა, ლაპარაკი.
- კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასვლის წინაპირობაა გამოცდით განსაზღვრული მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 60-ის დაგროვება. დამატებით დაწესებულია 15-ქულიანი ზღვარი, რომელიც სტუდენტმა ოთხივე კომპეტენციაში უნდა გადალახოს.
3. საერთაშორისო სტუდენტური მობილობისთვის შესარჩევი კონკურსის მეორე და საბოლოო ეტაპი გულისხმობს ინგლისურენოვან გასაუბრებას, რომელიც წარიმართება პირისპირ ან დისტანციური პლატფორმის გამოყენებით. გასაუბრებაზე ფასდება კონკურსანტთა მოტივაცია აკადემიური, პროფესიული და პიროვნული განვითარების კუთხით.
გამარჯვებულ სტუდენტთან ფორმდება სასწავლო ხელშეკრულების შიდა და გარე დოკუმენტები, რომლებშიც ჩამოთვლილია როგორც პარტნიორ უნივერსიტეტში გასავლელი სასწავლო კურსები, ისე ადგილობრივად მათი შესატყვისები, შესაბამისი კრედიტების მითითებით. აღნიშნული დოკუმენტების ხელმოწერით, "ევროპის უნივერსიტეტი" პასუხისმგებლობას იღებს სტუდენტის დაბრუნების შემდგომ მის მიერ პარტნიორ უნივერსიტეტში დაგროვილი კრედიტების აღიარებაზე, დოკუმენტში გაწერილი სქემის შესაბამისად.
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პასუხისმგებელია მასპინძელ უნივერსიტეტში გამარჯვებული სტუდენტის მიერ სასწავლო კურსების შერჩევა-აღიარების საკითხის მოწესრიგებაზე; საელჩოსა და მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სრული დოკუმენტაციის მომზადებასა და ადრესატისთვის დროულად მიწოდებაზე; გამარჯვებული სტუდენტის მასპინძელ უნივერსიტეტში გამგზავრებამდე მის სრულ ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე. გამარჯვებული სტუდენტი თავის მხრივ ვალდებულია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს გაუზიაროს საერთაშორისო მობილობისთვის საჭირო ყველა პირადი დოკუმენტის ასლი და მითითებების მიხედვით, შეავსოს მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სააპლიკაციო ფორმა/ფორმები.
აკადემიური პერსონალის შემთხვევაში:
1. საერთაშორისო მობილობით დაინტერესებული აკადემიური პერსონალი ავსებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ შედგენილ ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმას და ტვირთავს საჭირო დოკუმენტებს;
2. სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმის ავტორებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური იწვევს ინგლისურენოვანი ლექციის/პრეზენტაციის ჩასატარებლად რექტორის მიერ წინასწარ დამტკიცებული კომისიის წინაშე;
3. სწავლების მიზნით მობილობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი საჩვენებელი ლექციის წაყვანას, ხოლო კვლევითი ვიზიტის განხორციელების მსურველთათვის საკვლევი პროექტის პრეზენტაციას გულისხმობს;
4. გამარჯვებულად ცხადდებიან პროგრამების მიხედვით ყველაზე მაღალი შეფასების მქონე კონკურსანტები, რომელთა რაოდენობაც რექტორის ბრძანების საფუძველზე წინასწარ განსაზღვრულ საკონკურსო პირობებზეა დამოკიდებული.
კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაც ხდება „საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ შესაბამისად და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეულ აკადემიურ პერსონალს უფორმდება სწავლების/კვლევის ხელშეკრულების გარე და შიდა დოკუმენტები. პირველი მათგანი მასპინძელ უნივერსიტეტში ჩასატარებელი სალექციო საათებისა თუ კვლევის გეგმის განსაზღვრაზე, მეორე კი გამოცდილების გაზიარების მიზნით, "ევროპის უნივერსიტეტში" მობილობის შემდგომი აქტივობების დაგეგმვაზე. ხელშეკრულებების ხელმოწერით, კონკურსის წესით შერჩეული აკადემიური პერსონალი პასუხისმგებლობას იღებს გამგზავნ და მასპინძელ უნივერსიტეტებში ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისირებად შესრულებაზე.
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პასუხისმგებელია აკადემიური პერსონალის მობილობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებასა და პარტნიორი უნივერსიტეტისთვის დროულად მიწოდებაზე. აკადემიური პერსონალი კი თავის მხრივ ვალდებულია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს გაუზიაროს საერთაშორისო მობილობისთვის საჭირო ყველა პირადი დოკუმენტის ასლი და მითითებების მიხედვით, შეავსოს მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სააპლიკაციო ფორმა/ფორმები.
საერთაშორისო აკადემიური მობილობის ეფექტიანობის შესაფასებლად, მასპინძელი უნივერსიტეტებიდან დაბრუნების შემდგომ, პროგრამის მონაწილე სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს მოეთხოვებათ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ სპეციალურად შემუშავებული კითხვარების შევსება.
ინგლისურენოვანი პროგრამები და კურსები/ საერთაშორისო სტუდენტების მობილობით მიღება
დღეისათვის ევროპის უნივერსიტეტი ახორციელებს 9 აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელთაგან 2 სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენი 7 არის ქართულენოვანია, მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი კომპონენტით.
საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებისა და აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობით, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემუშავებული აქვს 2020-2021 აკადემიური წლის ინგლისურენოვანი კურსების კატალოგი, რომელიც შემომავალი მობილობით დაინტერესებულ საერთაშორისო სტუდენტებს ინგლისურენოვანი კურსების ფართო არჩევანს სთავაზობს. კატალოგი ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას და წარმოადგენს საერთაშორისო სტუდენტების მობილობით მიღებისთვის ინსტიტუციური მზადყოფნის გარანტს.
სამუშაო პროცესები მიმდინარეობს აგრეთვე საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით პორტოს ბიზნეს სკოლასთან ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის შესამუშავებლად. აღნიშნულ პროგრამაზე მიღების გამოცხადება 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის იგეგმება.
მობილობის მიღმა
სტუდენტური აქტივობების ინტერნაციონალიზაციის კუთხით აღსანიშნავია ევროპის უნივერსიტეტში “ევროპული ჰორიზონტების” (European Horizons) წარმომადგენლობის არსებობა. ევროპული ჰორიზონტები საერთაშორისო სტუდენტური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 60-ზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს საერთაშორისო მასშტაბის კვლევითი პროექტების განხორციელებისა და ღონისძიებების ორგანიზების კუთხით. მათ შორის საუბარია ისეთ მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებზე, როგორიცაა, მაგალითად, სტენფორდი და იელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანდაც კემბრიჯი და სენტ ენდრიუსი დიდ ბრიტანეთში. ამას გარდა, თუ კონკრეტული საერთაშორისო აქტივობა დაკავშირებულია კლევით ან საგანმანათლებლო საქმიანობასთან, ევროპის უნივერსიტეტი სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის მეშვეობით თავის სტუდენტებს აღნიშნული გამოცდილების მიღების ფართო შესაძლებლობებს უქმნის. მაგალითისთვის, 2020 წლის სექტემბერში, ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტთან წარმატებული მოლაპარაკების საფუძველზე, ევროპის უნივერსიტეტის "სტუდენტებისთვის გამოიყოს პეციალური კვოტა ონლაინ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. შიდაკონკურსისშედეგადშერჩეულ 5 სტუდენტს ევროპის უნივერსიტეტმა სრულად დაუფარა ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტის ორკვირიან საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის საფასური. სტუდენტებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა დასწრებოდნენ მათთვის საინტერესო მრავალფეროვან კურსებს და მონაწილეობა მიეღოთ პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიულ ვორკშოპებში.
აკადემიური პერსონალის შემთხვევაში, მობილობის სქემების მიღმა, საერთაშორისო გამოცდილების მიღება შესაძლებელია აფილირების ჭრილში გამოყოფილი დაფინანსების დახმარებით. ამასთან, რიგ შემთხვევებში, შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელის რეკომენდაციითა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით ხდება დამატებითი სახსრების მობილიზება სხვა აკადემიური პერსონალისა თუ მოწვეულ ლექტორთა მნიშვნელოვანი პროფესიული აქტივობებისთვის საზღვარგარეთ. ქვეყნის დატოვების გარეშეც, "ევროპის უნივერსიტეტის" აკადემიური პერსონალი მუდმივ რეჟიმში ეზიარება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას მოწვეული უცხოელი ექსპერტების სემინარებსა და ვორკშოპებზე დასწრების გზით, მათ შორის დისტანციურად. ამ მხრივ უახლოესი წარსულიდან აღსანიშნავია "ევროპის უნივერსიტეტის" მიერ დაფინანსებული შემდეგი საერთაშორისო აკადემიური აქტივობები:
2020 წლის 28 მაისს, სპეციალურად "ევროპის უნივერსიტეტის" აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა Scopus-ში რეფერირებული პოლონური ჟურნალის რედაქტორის, პროფესორ სებასტიან კოტის ონლაინ ვებინარი თემაზე: How to get published in the Scopus Indexed Journals - top tips from Sebastian Kot. ვებინარი მიზნად ისახავდა "ევროპის უნივერსიტეტის" აკადემიური პერსონალის საერთაშორისო კვლევითი საქმიანობის წახალისებას. აღნიშნულ ვებინარს ონლაინ რეჟიმში დაესწრო ევროპის უნივერსიტეტის 22 ლექტორი, ხოლო ვიდეო ჩანაწერი გაუზიარდა სრულიად უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს.
·2020 წლის 6 და 27 ივნისს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებითა და ჩვენი პარტნიორი, პორტოს ბიზნეს სკოლის ფინანსური მხარდაჭერით, ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი (10 ლექტორი) Ernst & Young-ის და პორტოს ბიზნეს სკოლის მიერ ერთობლივად შემოთავაზებულ ორ საერთაშორისო ონლაინ მასტერკლასს დაესწრო: “The New Concept of State” და “Climate Action in Corporate Strategies”. მონაწილეებს გადაეცათ დასწრების სერტიფიკატები პორტოს ბიზნეს სკოლისგან.
TOEFL საგამოცდო ცენტრი
"ევროპის უნივერსიტეტმა" წარმატებით გაიარა სერტიფიცირებულ ადმინისტრატორთა მომსახურების (CTAS) ქსელის მხრიდან სერტიფიცირების პროცესი და განათლების საგამოცდო სერვისიდან (ETS) მიიღო თანხმობა უნივერსიტეტის ბაზაზე TOEFL ტესტირების ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. "ევროპის უნივერსიტეტმა" ETS-თან შესაბამისი ხელშეკრულება 2020 წლის 12 ივნისს გააფორმა. ETS არის მსოფლიოს უმსხვილესი ტესტირებისა და შეფასების ორგანიზაცია, რომლის ცენტრალური ოფისიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. აშშ-დან ევროპის უნივერსიტეტმა უკვე მიიღო ცენტრის ტექნიკური აღჭურვისთვის საჭირო ინვენტარი. ცენტრი უახლოეს მომავალში ამოქმედდება და "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები ადგილზევე შეძლებენ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატების მოპოვებას.